
ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. მთავარი დარგებია ნავთობგადამუშავება, მანქანათმშენებლობა, ფარმაკო-ქიმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობა. განვითარებულია აგრეთვე საშენი მასალების წარმოება და ხე-ტყის გადამუშავება. ზოგიერთი სამრეწველო საწარმო უმთავრესად ადგილობრივი მოთხოვნილების ფართო მოხმარების საგნებს ამზადებს.
ბათუმის ენერგეტიკული ბაზის შექმნაში დიდი როლი ითამაშა აჭარისწყლის ჰესმა, რომელიც ამჟამად ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. ქალაქის უმსხვილესი საწარმოა ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. 5 მანქანათსაშენი ქარხანა ამზადებს კვების მრეწველობის მანქანა-დანადგარებს, მცირე წყალწყვის გემებს (მ. შ. წყალქვეშაფრთიან კატარღებს), სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროაპარატურასა და ხელსაწყოებს. მძლავრი ფარმაკოქიმიური საწარმო ამუშავებს სამკურნალო მცენარეებს და უშვებს 40-მდე დასახელების სამედიცინო პრეპარატს. სამრეწველო წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ავეჯის დამზადებას. მსუბუქი მრეწველობის საწარმოები - ტყავ-ფეხსაცმლისა და სამკერვალო გაერთიანებები - ამზადებებ საპირე ტყავს, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ფართო მოხმარების სხვა საგნებს. კვების მრეწველობის საწარმოებიდან აღსანიშნავია ციტრუსკომბინატი (უშვებს ციტრუსებსა და სხვა ხილი კონსერვებს). ქალაქში არის აგრეთვე თამბაქოსა და ჩაის ფაბრიკები, ხოცკომბინატი, პურკომბინატი, ლუდის, რძისა და თევზის ქარხნები. ბათუმზე მოდის აჭარის მრეწველობის მთლიანი პროდუქციის უდიდესი ნაწილი.
ბათუმი რესპუბლიკის მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, სადაც თავს იყრის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები. აქ წარმოებს მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო ოპერაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთლ სანაპიროზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დიდ საოკეანო ტანკერებს ემსახურება. სატრანსპორტო კვანძის საერთო ტვირთბრუნვაში სატრანზიტო ტვირთებთან ერთად დიდი ადგილი უკავია თვით ქალაქის და მისი უახლოესი მიდამოების სამეურნეო ტვირთებს. მთლიანად მექანიზებულია მშრალი ტვირთბის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები. აშენდა ახალი საზღვაო ვაგზალი. მნიშვნელოვანია აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა შორეული და ადგილობრივი მარშრუტებით. უკანასკნელ წლებში ქალაქის ეკონომიკური კავშირურთიერთობაში დიდად გაიზარდა ავტოტრანსპორტის როლი. თანამედროვე საავტომობილო გზატკეცილებით ბათუმი დაკავშირებულია საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრებთან, აჭარის შიგა რაიონებთან და თურქეთთან.
ქალაქს, ისევე როგორ მთელ რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2007 წლის მაისში გახსნა.
ღირშესანიშნაობანი
აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და “ბათუმის რივიერა” - დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის. ბათუმში არის ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ტურიზმი
ბათუმის რუკა
ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც. 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი (ეს ოფიციალურად ჩამოსული სტუმრების რაოდენობა. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნება ყველასათვის საყვარელი დელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის კიდევ 1.5 კილომეტრით დაგრძელება და ამდენად ისე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარი გახდა მსოფლიოში, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში უკვე მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები. დაგეგმილია უამრავი გრანდიოზული პროექტი. ამდენად, ბათუმი, პორტის გარდა უკვე სხვა მნიშვნელობასაც იძენს. ის გახდა სახე საქართველოს წარმატებისა და აღმშენებლობისა.
ka.wikipedia.org